''პროკურატურის ახალი ხედვა''- პრეზენტაცია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

თარიღი: 15 დეკემბერი 2009

2009 წლის 15 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გახსნა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და მოწვეულ სტუმრებს სისხლის სამართლის პოლიტიკა და პროკურატურაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებაზე, სხვადასხვა პროექტებში პროკურატურის ჩართულობასა და მონაწილეობაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ისაუბრა.

"საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტი საქართველოს პროკურატურაში 2006 წლიდან ხორციელდება და ამ დროისთვის მასში საქართველოს 7 რაიონის პროკურატურაა ჩართული. პროექტის ფარგლებში პროკურორები რეგულარულად ხვდებიან თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მათ სამართლებრივ თემებზე გაკვეთილებს უტარებენ, იმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, ექსკურსიები. შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, პროექტი მიზნად ისახავს ასევე პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფას, მისი გამჭვირვალეობის გაზრდას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.  

"საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის შესახებ არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უშუალოდ პროექტში ჩართული პროკურორები მოუყვნენ.

საერთაშორისო გამოცდილება შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის წარმომადგენელმა საქართველოში, უფროსმა პროკურორმა სტეინ ვალემ.

დასასრულს გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავარი პროკურატურა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში.