საქართველოსა და უნგრეთის არქივებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 14 დეკემბერი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და უნგრეთის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და უნგრეთს შორის აქტიურ კულტურულ და საქმიან ურთიერთობებს.

შეთანხმებით გათვალისწინებულია თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების კუთხით. მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან საარქივო დოკუმენტების გამოცემებს, სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ ლიტერატურას, მოაწყობენ პროფესიულ და სამეცნიერო შეხვედრებსა და საარქივო გამოფენებს. ასევე, საშუალება ექნებათ, მოიძიონ დოკუმენტები და გაცვალონ დეტალური ინფორმაცია; ფონდებისა და კოლექციების გამდიდრების მიზნით ერთმანეთს მიაწოდონ ორივე ქვეყნის ისტორიისთვის ღირებული საარქივო დოკუმენტების ასლები (წერილობითი, კინო და ფოტო დოკუმენტები).

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია უამრავი დოკუმენტი, რომელიც საქართველო-უნგრეთის კულტურულ ურთიერთობებს ასახავს. დოკუმენტები მოიცავს 1807-1985 წლებს, მათგან წერილობითი დოკუმენტები თარიღდება 1807-1963 წლებით, ხოლო კინო, ფოტო და ფონო-დოკუმენტები - 1945-1985 წლებით. ეს მასალები ასახავენ საქართელოსა და უნგრეთის ისტორიულ, ეკონომიკურ, კულტურულ კავშირებს.