აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაატარა

თარიღი: 12 დეკემბერი 2009

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 12 დეკემბერს, თსუ მაღლივ კორპუსში აღმასრულებლების საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაატარა. გამოცდა 10.00 საათზე დაიწყო და 5 საათს გასტანა.


კონკურსის მსურველების რეგისტრაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში 1 ნოემბრიდან დაიწყო. ორი კვირის მანძილზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 176 პირმა გამოთქვა. სერთიფიცირებული აღმასრულებლის სტატუსის მოსაპოვებლად, კონკურსის მონაწილეებს 100 ქულიანი საგამოცდო ტესტიდან მინიმუმ 75 ქულა მაინც უნდა დაეგროვებინათ.


აღნიშნული კონკუსი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წელს უკვე მეორედ ჩაატარა. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევაა. მაღალქულიან კონკურსანტებს შემდგომში აღმასრულებლების ვაკანტური ადგილების დაკავების ან კერძო აღმასრულებლის სააღსრულებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.