პროკურატურამ თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავა

თარიღი: 12 დეკემბერი 2009

საქართველოს პროკურატურის მიერ თაღლითურად სხვისი ქონების მითვისებისთვის დაკავებული იქნა ადვოკატი რევაზ ნადარეიშვილი. ადვოკატის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა რევაზ ნადარეიშვილმა, რომელიც იცავდა ამჟამად მსჯავრებულ დავით ქურციკიძის ინტერესებს, მის დეიდას - ნინო ქურციკიძეს 2007 წლის დეკემბერში, მოტყუებით, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ შესატანად გამოართვა და მიისაკუთრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, ხოლო ნ. ქურციკიძეს მიუტანა ყალბი სალარო შემოსავლის ორდერი იმის დასადასტურებლად, რომ  აღნიშნული თანხა გადარიცხული იყო ,,საქართველოს ბანკში" დავით ქურციკიძის საპროცესო შეთანხმებისათვის.

მოგვიანებით, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა პროკურატურასა და დავით ქურციკიძეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, ცნობილი გახდა, რომ რევაზ ნადარეიშვილის მიერ წინასწარ აღებული 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი არ ყოფილა. რის შემდეგაც რევაზ ნადარეიშვილმა ნაწილ-ნაწილ დააბრუნა მითვისებული თანხიდან 2500 (ორიათასხუთასი) ლარი.

ფაქტის დადასტურების შემდეგ ადვოკატი რევაზ ნადარეიშვილი დაკავებულ იქნა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.