პროკურორებმა სამართლებრივ თემებზე თბილისის 68-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილი ჩაატარეს

თარიღი: 11 დეკემბერი 2009

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები თბილისის 68-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე და იმ დანაშაულებზე ესაუბრა, რომლებიც არასრულწლოვნებს შორის ხშირია.

პროკურორებმა მოსწავლეებს პროკურატურის ახალი ინიციატივა გააცნეს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები შევიდა და იგი ძირითადად, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხს ეხება. ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის  ასაკი 14 წლამდე იზრდება. დავით საყვარელიძის განცხადებით, კანონის ლიბერალიზაცია არსებულმა, გაუმჯობესებულმა კრიმინოგენულმა ვითარებამ განაპირობა.

68-ე საჯარო სკოლაში გაკვეთილი სამართლებრივ თემებზე საკმაოდ ინტერქატიული გამოვიდა, მოსწავლეებმაც არაერთი კითხვა დაუსვეს პროკურორებს, რომლებზეც, როგორც თავად განაცხადეს, ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტია არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რათა მოხდეს მათი შემდგომი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია. საქართველოს პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა მათი ნორმალური ცხოვრების კალაპოტში დასაბრუნებლად. სწორედ ამ მიზნით საქართველოს პროკურატურაში ხორციელდება პროექტი "საზოგადოებრივი პროკურატურა", რომლის  ფარგლებშიც შედგა დღევანდელი გაკვეთილიც.

პროექტის მიზანია ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. პროექტი `საზოგადოებრივი პროკურატურა" საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება.