ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორი დააკავეს

თარიღი: 10 დეკემბერი 2009

2009 წლის 10 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორი, ზვიად სალია დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 13 დეკემბერს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის გიორგი დევდარიანი დააკავეს. მისი ოჯახის წევრებს, ადვოკატმა როლანდ კოტიაშვილმა გამოართვა 7500 ლარი, საიდანაც მისივე ინფორმაციით, 2 000 ლარი პროკურატურაში "საქმის მოსაგვარებლად" გადაიხადა.

2009 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის ბრალდებით დაკავებული იქნა როლანდ კოტიაშვილი, რომელმაც დაადასტურა დევდარიანის ოჯახისაგან საქმის მოსაგვარებლად თანხის აღებისა და პროკურატურის თანამშრომლისთვის გადაცემის ფაქტი. მან განაცხადა, რომ 2008 წლის 15 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ეზოში, დევდარიანის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს, ქ.თბილისის პროკურატურის თანამშრომელს - ზვიად სალიას, დევდარიანის მიმართ გირაოს (15 000 ლარი) მოთხოვნის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გადასცა 2000 ლარი.

2009 წლის 9 დეკემბერს როლანდ კოტიაშვილმა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორს ზვიად სალიას ქრთამის სახით დამატებით გადასცა 2000 ლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.