მთავარმა პროკურორმა მთავრობას სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები წარუდგინა

თარიღი: 10 დეკემბერი 2009

საქართველოს პროკურატურამ სასხლის სამართლის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები მოამზადა. პროექტი 2009 წლის 9 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ წარადგინა. პროკურატურის მიერ მომზადებული კანონპროექტებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის ძირეული ცვლილება, რომელიც ეხება არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხს.


კანონის მოქმედი რედაქციით დადგენილია პროკურორის ვალდებულება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე არასრულწოვნის მიმართ განსახორციელებელ სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ცვლილების შედეგად კი არასრულწოვნის მიმართ დევნის განხორცილების ვალდებულება იცვლება დისკრეციით და პროკურორი უფლებამოსილი იქნება არ დაიწყოს ან შეწყვიტოს დევნა არასრულწლოვნის მიმართ. დისკრეციული უფლებამოსილება ვრცელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ არასრულწოვანზე, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა.


აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარის 14 წლამდე გაზრდას.


კანონის ლიბერალიზაცია საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა - პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტია არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რათა მოხდეს მათი შემდგომი რესოციალიზაცია და დანაშაულის პრევენცია. საქართველოს პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა მათი ნორმალური ცხოვრების კალაპოტში დასაბრუნებლად.


კანონში ცვლილებების განხორციელების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა მიმდინარე 2009წელსაც. რაც გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგია, ანუ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ადრე გატარებული პოლიტიკა იყო სწორი.

საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს არასრულწოვანთა მიმართ მის მიერ დასახული სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის პოლიტიკას და გაატარებს სხვა ქმედით ღონისძიებებს.