დოკუმენტაციის თანამედროვე საარქივო სისტემა საჯარო რეესტრში

თარიღი: 09 დეკემბერი 2009

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დოკუმენტაციის თანამედროვე საარქივო  სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტაციის ახალი, თანამედროვე საარქივო სისტემის შექმნის მიზანი სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული  ქაღალდის დოკუმენტაციის  შენახვისათვის საუკეთესო, უსაფრთხო პირობების შექმნა  და საარქივო ფართის მნიშვნელოვნად შემცირებაა.

თანამედროვე საარქივო სისტემა მოიცავს დოკუმენტაციის ძებნის გამარტივებას, ფართის რაციონალურად გამოყენებას, სტანდარტული ბაინდერებისათვის სტაციონალური და მოძრავი   სტელაჟების მოწყობას, რომელიც  მარტივად, ხელის მოძრავი მექანიზმით, იატაკზე დამონტაჟებულ სპეციალურ რელსებზე გადაადგილდება.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში ელექტრონული არქივის შექმნის პროცესი 2006 წლიდან  მიმდინარეობს, დოკუმენტაციის ქაღალდის ვერსიის უსაფრთხოდ შენახვა და დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს არა მხოლოდ  უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის  ელექტრონულ ფორმატს, არამედ ამ დოკუმენტის ქაღალდის ვერსიას ანუ დედანს და საშუალება აქვს დაადგინოს მისი იდენტურობა დოკუმენტის ჩანაწერში  ეჭვის შეტანის შემთხვევაში.

საჯარო რეესტრში არსებული სააქივო სისტემის წინასწარი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ შემუშავდა დოკუმენტაციის საარქივო სტრატეგია, რომელიც ეფუძნება მცირე დანახარჯებს, ინფორმაციის ადვილად ხელმისაწვდომობას და ქაღალდის დოკუმენტების ხანგრძლივი ვადით საუკეთესოდ შენახვას.


დოკუმენტაციის თანამედროვე საარქივო   სისტემა  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ორგანიზაციული განვითარებისა და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურების" პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა.