იუსტიციის სამინისტროში ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

თარიღი: 09 დეკემბერი 2009

2009 წლის  9 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროში ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის ბოლო, შესწორებული ვარიანტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები ანტიკორუფციული სტრატეგიის არსებულ ვერსიასთან დაკავშირებით წარმოადგინა ევროპის საბჭოს ექსპერტმა  მარიანა ტრივუნივიჩმა. განხილვაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, ეროვნული ბანკის, აგრეთვე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო ღონისძიებებზე, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება და სტრატეგიის პროექტს გააცნობს ფართო საზოგადოებას.

ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალ ვერსიაზე მუშაობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ახალი სტრატეგია ძირითად ყურადღებას უთმობს კორუფციის პრევენციის საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სამსახურის რეფორმა, კერძო სექტორში კონკურეტული გარემოს უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვები, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა და სხვა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრეზიდენტის ბრძანებით, 2008 წელს შეიქმნა და მის ფუქნციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფიცული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.

უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  ზურაბ ადეიშვილი.

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული  სტრატეგია