''საზოგადოებრივი პროკურატურის'' ფარგლებში ნიდერლანდებში სასწავლო ვიზიტი გაიმართა

თარიღი: 06 დეკემბერი 2009

2009 წლის 1-4 დეკემბერს „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტში ჩართული იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდენენ ნიდერლანდების სამეფოში, ნიდერლანდების პროკურატურის მუშაობისა და საზოგადოებრივი როლის/ფუნქციის გაცნობის მიზნით.  ვიზიტი ევროპის საბჭოსა და დანიის კავკასიის პროგრამის „სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში" ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელდა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, მთავარი პროკურატურის აპარატის, თბილისის საქალაქო, მცხეთის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, ზესტაფონისა და შუახევის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა.  მათ შეხვედრები გამართეს ქალაქების როტერდამის, ზვოლეს, დენ ბოსის და სონის პროკურატურისა და პოლიციის ოფისებში.

ნიდერლანდების სამეფოს პროკურატურის ფუნქციებისა და საზოგადოებრივი როლის გაცნობის გარდა, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდენენ ტერორიზმის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), თაღლითობისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჰოლანდიის გამოცდილებას.

საქართველოს პროკურატურა 2006 წლიდან ახორციელებს „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტის მიზანია პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, მისი გამჭვირვალობის გაზრდა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.