გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ექიმი დააკავა

თარიღი: 02 დეკემბერი 2009

2009 წლის 21 ნოემბერს, ს/ს "ხაშურის მრავალპროფილიანი საავადმყოფო"-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის #038090205 საქმეზე, ნანა სიდიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.


ამ ეტაპზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენლია, რომ 2009 წლის 21 ნოემბერს, სააქციო საზოგადოება "ხაშურის მრავალპროფილიან სავადმყოფოში" ექიმ ნინო ჯობაძის მიერ გლანდების ოპერაციის ჩატარების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა პაციენტი - 1980 წელს დაბადებული ნანა ეფრემის ასული სიდიანი.


საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დანიშნულია ასევე ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, იმის დასადგენად, თუ რა სახის და რაოდენობის მედიკამენტები იქნა გამოყენებული ოპერაციის დროს, რა ჯგუფისა და რეზუსის სისხლი გადაესხა გარდაცვლილ ნ. სიდიანს.

დაიკითხა და დაზარალებულად იქნა ცნობილი  ნ. სიდიანის მეუღლე თეიმურაზ კაპანაძე. ასევე მოწმის სახით დაიკითხა ოპერაციის მონაწილე სამედიცინო პერსონალი.


 ექიმ ნინო ჯობაძის ჩვენებით  კი დადგენილია, რომ 2009 წლის 21 ნოემბერს მან ჩაატარა ნანა სიდიანის გლანდების ოპერაცია, ანუ "ტონზილექტომია". ოპერაციის ჩატარებამდე პაციენტ ნ. სიდიანს ააღებინა მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი და "კოაგულოგრამა" არ გაითვალისწინა და არ ააღებინა შარდის საერთო ანალიზი და კარდიოგრამა, რაც მას ევალებოდა საავადმყოფოს სამედიცინო სტანდარტის შესაბამისად. ოპერაციის მსვლელობისას მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი რამდენჯერმე ცუდად გახდა, ექიმმა მაინც გააგრძელა ოპერაცია. საერთო ჯამში, ავადმყოფს დაეწყო მწვავე სისხლდენა და გარდაიცვალა. 


 2009 წლის 1 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნანა სიდიანის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული კისრის სისხლძარღვებიდან სისხლდენის შედეგად. ხოლო იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რამდენად სწორად იქნა ჩატარებული ოპერაცია "ხაშურის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს" მედპერსონალის და კერძოდ, ექიმი- ოტორინოლარინგოლოგი ნინო ჯობაძის მიერ, საჭიროა კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ასევე მისაღებია ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები.


ნინო ჯობაძეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით და იგი დაკავებულია ბრალდებულის სახით. პროკურატურა შესულია სასამართლოში შუამდგომლობით ნინო ჯობაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრების შეფარდების მოთხოვნით.