ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებათა 50 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ

თარიღი: 01 დეკემბერი 2009

2009 წლის 1-3 დეკემბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში იმართება ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებათა (Bilateral Investment Treaty) 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის "Lovells"-ის მიერ მიწვეული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ლაშა არველაძე და არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი ქეთევან ბეთანელი. ძირითადი მომხსნელებლები აღნიშნულ კონფერენციაზე იქნებიან პაკისტანის პრემიერ-მინისტრი საიდ იოსაფ რიზა გილანი, ჰესსის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი ღონალდ კოხი, სახელმწიფო საპარალამენტო მდივანი ჰან-იოაკიმ ოტო, გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტრო, დოიჩე ბანკის მართვის კომიტეტის წევრი დოქტორი კორნელ ვისკირხენი.


       კონფერენციაზე განიხილება შემდეგი აქტუალური საკითხები:

  • მსოფლიოში არსებულ ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებში მიმდინარე არსებით და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული მიდგომები;
  • საინვესტიციო ხელშეკრულებების დაცვა მომავალში;
  • ევროპიზაცია და რეგიონალიზმი: გამოწვევა ბილატერალური საინვესტიციო ხელშეკრულებებისათვის
  • არის თუ არა დაცული ინვესტიცია
  • ინვესტორ სახელმწიფოსთან არსებული არბიტრაჟის გარდამავალი ფაზა.