საჯარო და სამოქალაქო რეესტრები ერთმანეთის ელექტრონულ ბაზებს გამოიყენებენ

თარიღი: 27 მარტი 2009

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერთმანეთის მონაცემთა ბაზებს ონლაინ რეჟიმში წვდომის საშუალება მიეცათ.
შესაბამისი შეთანხმების პრეზენტაცია დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში გაიმართა. ღონისძიებაში მონაიწიეობა მიიღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სერგო წიქარიშვილმა.
უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ ბაზას გამოიყენებს. ამავე რეჟიმში სამოქალაქო რეესტრი საჯარო რეესტრის ბაზით მოქალაქეთა რეგისტრაციისას ისარგებლებს.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ელექტრონული მმართველობის დანერგვა სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მუშაობას უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის.
მისი განმარტებით, მოქალაქეს უმარტივდება ყოველდღიური ურთიერთობა უწყებებთან. მაგალითისთვის: მათ საჯარო რეესტრში აღარ მოუწევთ პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა, სამოქალაქო რეესტრში რეგისტრაციისას კი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ დასჭირდებათ, რადგანაც საჭირო ინფორმაციის მოპოვება ავტომატურ რეჟიმში შესაძლებელია საჯარო რეესტრის ბაზიდან.
ვაშაძის თქმით, უახლოეს მომავალში აღნიშნული უწყებები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ შესთავაზებენ ახალ სერვისებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სერგო წიქარიშვილის თქმით, ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის მოძიება მოქალაქეთა მომსახურებას გააუმჯობესებს და გამორიცხავს დოკუმენტაციის გაყალბების შესაძლებლობას.
"ჩვენი მოქალაქეები გაცილებით დაცულები იქნებიან დოკუმენტის გაყალბებისგან, ამასთან, ჩვენ მოგვეცა საშუალება, უკეთ გავაკონტროლოთ ჩვენს მიერ დაცული მონაცემების სიზუსტე", - განაცხადა წიქარიშვილმა.