სამოქალაქო რეესტრში გარდაცვალების რეგისტრაციისას სამედიცინო დაწესებულებების როლი იზრდება

თარიღი: 26 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გარდაცვალების რეგისტრაციისას სამედიცინო დაწესებულებების როლი იზრდება.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადდა და განსახილველად პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში უნდა შევიდეს. ცვლილების თანახმად, ჯანდაცვის ყველა დაწესებულება, რომელიც გარდაცვალების ცნობას გასცემს, ვალდებული იქნება გარდაცვალების ფაქტის შესახებ შეტყობინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის რაიონულ სამსახურს ხუთი დღის ვადაში გაუგზავნოს.
გარდა ამისა, გარდაცვალების რეგისტრაციის დახვეწის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად სამედიცინო დაწესებულებას აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე 500 ლარი დაეკისრება.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გარდაცვალების რეგისტრაციის სრულყოფაზე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს. გასული წლის 18 აპრილს ძალაში შევიდა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად, ჯანდაცვის ყველა დაწესებულება, რომელიც გარდაცვალების ცნობას გასცემს, ვალდებული გახდა ასეთი შეტყობინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული სამსახურისთვის გაეგზავნა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებისთვის კანონით შეტყობინების გაგზავნის ვადა არ იყო განსაზღვრული.
ამ სიახლესთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
როგორც სამოქალაქო რეესტის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გარდაცვალების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ჯანდაცვისა და მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას მანამდე იწყებს, სანამ საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა.
როგორც ვაშაძემ განმარტა, გარდაცვალების რეგისტრაცია სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება, სამედიცინო დაწესებულებების იურისტები ელექტრონულ პროგრამაში შეავსებენ გარდაცვალების ცნობებს, რომელსაც სპეციალური ქსელის საშუალებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ელექტრონული ფორმით გადააგზავნიან.
თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას განცხადებით, გარდაცვალების რეგისტრაციის კუთხით გარკვეული ხარვეზები იყო.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას დიდი მინიშვნელობა აქვს, რადგან სოციალური სამსახურების ეფექტურად მუშაობისთვის და სოციალური ბიუჯეტის სამართლიანად დაგეგმვისთვის, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე მერიის საქალაქო სამსახურებს.