საგარეჯოში იუსტიციის სახლი გაიხსნა

თარიღი: 24 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების საგარეჯოს ოფისები ერთ შენობაში - საგარეჯოს იუსტიციის სახლში განთავსდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას მოქალაქეები დღეიდან ერთ შენობაში მიიღებენ.
ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისი დღეს გაიხსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სერგო წიქარიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე კენტ ლონგსდონი, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და საგარეჯოს გამგებელი გიორგი ჩალათაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
იუსტიციის სახლის შექმნა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ემსახურება. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ერთსა და იმავე შენობაში მიიღოს დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი; დაარეგისტრიროს უძრავი ქონება, აღსასრულებლად წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ.
საგარეჯოს იუსტიციის სახლის რეკონსტრუქციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა მომსახურების დახვეწაზე. საჯარო რეესტრის სააგენტოს, ისევე, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საგარეჯოს ოფისებში გაიმიჯნა ე.წ. წინა და უკანა ოფისები. სამსახურები აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტრანეტით და ინტერნეტით.
საგარეჯოს იუსტიციის სახლში განთავსებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ოფისის გარემონტება USAID-ისა და DFID-ის ფინანსური მხარდაჭერით UNDP-ის - "სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განვითარების პროექტის" ფარგლებში განხორციელდა.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო თითქმის ყველა რეგიონში აპირებს ანალოგიური სახლების გახსნას, ზოგიერთ რაიონში კი იუსტიციის სახლი უკვე გახსნილია.
მისი თქმით, მოქალაქეები იუსტიციის სახლში ამიერიდან ერთ სივრცეში მიიღებენ ყველა მომსახურებას, რომელსაც ისინი იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურებში იღებდნენ.