ნოტარიუსები ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავლენ

თარიღი: 20 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ,,სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი." ამ პროგრამის დახმარებით, ნოტარიუსები გადავლენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე.
დღემდე ნოტარიუსები სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციას ახორციელებენ ხელით რეესტრის ჟურნალში. სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ამოქმედების შემდეგ, კი მოახდენენ კომპიუტერულად - ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირების სახით.
სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი ნოტარიუსებს, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მათთვის საჭირო ინფორმაცია ელექტრონულად, მყისიერად მიიღონ და გადაამოწმონ. ეს, ერთის მხრივ, თითქმის გამორიცხავს გაყალბების ფაქტებს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოქალაქეთა მომსახურებას.
ელექტრონულ ჟურნალს ექნება საძიებო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე წამში იქნება შესაძლებელი ინფორმაციის მოძიება, ამასთან, ნოტარიუსები შეძლებენ ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადაამოწმონ, ნამდვილად შესრულდა თუ არა ესა თუ ის სანოტარო მოქმედება მისი ან სხვა ნოტარიუსის მიერ.
პროგრამით გათვალისწინებულია მხარეთა პირადი, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობაც.
მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ის, რომ მოქალაქეს შეეძლება ინტერნეტით გადაამოწმოს ისეთი დოკუმენტების ნამდვილობა, როგორიც არის სანოტარო მოქმედებებით შესრულებული მინდობილობები.
ქ. თბილისის ტერიტორიაზე ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა 23 მარტიდან ამოქმედდება.
ეს არის პირველი ეტაპი, რომელშიც ჩაერთნენ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ნოტარიუსები. სამომავლოდ ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა მსხვილი ქალაქისა და რაიონის ნოტარიუსების ელექტრონულ პროგრამაში ჩართვა.