ხარაგაულში ქორწინების დარბაზი და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოფისი გაიხსნა

თარიღი: 20 მარტი 2009

ხარაგაულში ქორწინების სარიტუალო დარბაზი და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურის ოფისი გაიხსნა.
ევტოსტანდარტების შესაბამისად გარემონტებული ოფისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში მიხეილ ჩოგოვაძემ გახსნეს.
ახალი ოფისის პრეზენტაცია ადგილობრივი წყვილის ზურაბ შველიძისა და ჟუჟუნა გვენცაძის ქორწინებით აღინიშნა.
ევროსტანდარტების შესაბამისად გარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ქორწინების სარიტუალო დარბაზი და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის ტერიტორიული სამსახური დეკანოსიძის ქუჩა №5-ში განთავსდა.
ამ დრომდე ხარაგაულში, საპასპორტო და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული. ამიერიდან მოქალაქეები ე.წ. ერთი სარკმლის პრინციპით, გამარტივებული წესით, ერთსა და იმავე ადგილზე მიიღებენ დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, პასპორტებს და სხვა დოკუმენტებს.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სააგენტომ ახალი მოდელი შეიმუშავა, რომელიც მცირე ზომის რაიონულ ცენტრებში ქორწინების დარბაზების გახსნას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ახალი ოფისი საინტერესო მოდელია იმითაც, რომ ერთის მხრივ, მოქალაქეები მომსახურებას ერთ სივრცეში, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღებენ და გარდა ამისა, აქვე არის სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწინების რეგისტრაცია შეუძლიათ, როგორც ხარაგაულის მცხოვრებლებს, ასევე საკურორტო სეზონზე ჩამოსულ დამსვენებლებს.
როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში მიხეილ ჩოგოვაძემ განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის ოფისის საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობას ახლა ყველა სახის დოკუმენტის მიღება ადგილზე შეუძლია, რომლისთვისაც მათ ქუთაისში უწევდათ გამგზავრება.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის სამსახური დაბა ხარაგაულის გარდა 75 სოფელს ემსახურება.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სულ 90-მდე ტერიტორიული ოფისი აქვს, რომელთაგან 45-მდე თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი.
მთელ სისტემაში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მხარს უჭერენ: აშშ-ის განვითარების სააგენტო, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მთავრობები და გაეროს განვითარების პროგრამა.