მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას საჯარო რეესტრი ახორციელებს

თარიღი: 19 მარტი 2009

მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას მხოლოდ საჯარო რეესტრი ახორციელებს.
დღეისათვის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ამ მომსახურებისათვის 2206 განაცხადია შესული. თბილისის მერიიდან გადმოცემული 2000 საქმის განხილვა დასრულებულია. განცხადებების ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა და მოქალაქეებმა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციით საკუთრების უფლება მოიპოვეს. მოქალაქეთა ნაწილს კი დროებით შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან დამატებით წარმოსადგენი ჰქონდათ გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამ დროისათვის შეჩერებული განცხადებების რაოდენობა 416-ა. მოქალაქეებს შეუძლიათ შეჩერებიდან 30 დღის განმავლობაში წარადგინონ საჯარო რეესტრის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია და მიიღონ საკუთრების უფლება.
2008 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გახდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ამ უფლებამოსილებას ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მუდმივმოქმედი კომისია.
საჯარო რეესტრი, ნაცვლად ადრე არსებული ექვსთვიანი ვადისა, 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და გამოსცემს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების მისაღებად მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს განცხადება, მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
საკანონმდებლო ცვლილებებით, ფიზიკური პირები გათავისუფლებულნი არიან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის (სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა) გადახდისაგან.

მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელ.: 48 12 48; 48 12 49.