ნოტარიუსები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზით ისარგებლებენ

თარიღი: 18 მარტი 2009

ნოტარიუსებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ელექტრონული ბაზით სარგებლობის საშუალება მიეცათ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამვჯდომარემ ნინო ხოფერიამ მოაწერეს.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, სანოტარო აქტების გაფორმებისას სამოქალაქო რეესტრის ბაზაში ინფორმაციის გადამოწმება ნოტარიუსებისათვის ონლიან-რეჟიმში გახდა შესაძლებელი, რაც ერთის მხრივ, მოქალაქის იდენტიფიკაციას გააიოლებს და მეორეს მხრივ, მომხმარებელი კიდევ უფრო დაცული იქნება.
გიორგი ვაშაძის თქმით, ახალი პროგრამით თითოეული ნოტარიუსი პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას მოახდენს, რაც სრულიად გამორიცხავს სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყალბი დოკუმენტის გამოყენების ალბათობას. პიროვნების გადამოწმება მოქალაქის პირადი ნომრის მიხედვით მოხდება, რა დროსაც ნოტარიუსი მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ფოტოსურათს მიიღებს.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაიცავს როგორც ნოტარიუსთა უფლებებს, ასევე მოქალაქეების ინტერესებს, რადგანაც ბოლო პერიოდში ხშირი იყო მოქალაქეების მხრიდან სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენების მცდელობები.
მისივე თქმით, ნოტარიუსების მომსახურებით წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს, რის გამოც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ონლაინ-რეჟიმში სწორი მონაცემის მოპოვებას.