მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე მომსახურების არეალი გაფართოვდა

თარიღი: 17 მარტი 2009

მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მომსახურება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 13 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, უკვე 27 ტერიტორიულ სამსახურშია შესაძლებელი.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, დადგენის, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის შეწყვეტა-მინიჭების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ქვეყნიდან უცხოელის გაძევებისა და ემიგრაციის (მუდმივი გასვლა) საკითხებთან დაკავშირებით დოკუმენტების ჩაბარება და შესაბამისი საბუთის მიღება შესაძლებელია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის ნებისმიერ სამსახურში, ასევე: აფხაზეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის, მარნეულის, ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბორჯომის, რუსთავის, თელავის, გურჯაანის, ქარელის, გორისა და წალკის ტერიტორიულ სამსახურებში. მომავალში ეს მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რაზეც საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად მიიღებს.
2009 წლის 1 თებერვლამდე მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებზე განცხადებებს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო იბარებდნენ, შესაბამისად, მოქალაქეებს უწევდათ თბილისში ჩამოსვლა, რაც რეგიონების მკვიდრთათვის პრობლემას ქმნიდა.
მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმისწარმოებისათვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შეიქმნა, ნებისმიერი დაინტერესებული პირის განაცხადი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესვლისთანავე (ან საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში) ავტომატურად გადაიგზავნება იმ სახელმწიფო უწყებებში, რომელთაც ამ პროცესში პიროვნების გადამოწმება ევალებათ. აღნიშნული პროცედურა კი საინფორმაციო ბაზას სრულყოფს და დახვეწს მომსახურებას.
სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში იბარებენ ასევე ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, რასაც აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებდა. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით კვლავ საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავენ.