სამოქალაქო რეესტრმა დევნილი ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო

თარიღი: 12 მარტი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილ ბავშვებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით უზრუნველყოფს.
დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის №1 საჯარო სკოლაში დევნილი ბავშვების დოკუმენტირების პროცესი დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით წეროვანში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჩავიდნენ და სამუშაო პროცესს დაესწრნენ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებმა წეროვანის №1 საჯარო სკოლაში დიდი ლიახვიდან და ახალგორიდან დევნილი 168 ბავშვის საბუთები ჩაიბარეს და მათ ფოტოსურათები ადგილზე უფასოდ გადაუღეს. უახლოეს ხანში კი სამოქალაქო რეესტრი ყველა დევნილ ბავშვზე გასცემს დოკუმენტს. მათ პირადობის მოწმობებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე ჩაუტანენ.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 14 წელს ზემოთ ყველა მოსწავლეზე გაიცემა, ხოლო 14 წლამდე ასაკის პირები მშობლის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრირდებიან და მათ პირადი ნომრები ენიჭებათ.
როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტსო თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რეგისტრაციის დროს შეიქმნება ბაზა, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცემა, რაც უწყებას დევნილის სტატუსის განსაზღვრის პროცესში დაეხმარება.
მისი თქმით, ყველა დევნილი ბავშვი საიდენტიფიკაციო დოკუმენტს ადგილზე უფასოდ მიიღებს. ამ ღონისძიების ფარგლებში 7000-მდე დევნილი ბავშვის მონაცემები შეგროვდება.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, კონფლიქტის ზონებიდან დევნილი ბავშვებისთვის პირადობის მოწმობების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი იდენტიფიკაცია გამარტივდება, რის შედეგადაც ისინი დევნილის სტატუსს ადვილად მიიღებენ.