დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია გამარტივდება

თარიღი: 11 მარტი 2009

უცხო ქვეყანაში სამოქმედოდ წარსადგენად საქართველოში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია გამარტივდება. ამ ფუნქციას 2009 წლის 1 მაისიდან იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური ოფისის ნაცვლად სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განახორციელებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება.
ამასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის სამინისტროში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის პროცედურის დახვეწა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ წარდგენილი დოკუმენტების სანდოობის გაზრდას.
ცვლილების თანახმად, მოქალაქეთათვის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმებისათვის არსებული პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდება, კერძოდ:

  •   იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ნაცვლად, ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმებისათვის დოკუმენტების ჩაბარება შესაძლებელი იქნება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოფისებში, როგორც თბილისში, ისე ქუთაისსა და ბათუმში; ამ რეგიონებიდან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზებაზე მოქალაქეების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.

  •   დოკუმენტების ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმებისათვის განისაღვრება 10-დღიანი ვადა. ამასთან, დაინერგება დაჩქარებული მომსახურება - შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში მოქალაქეს შეეძლება აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი იმავე, მეორე და მეხუთე დღეს მიიღოს.

  •   დღეისათვის აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის თარგმნისათვის მოქალაქეს უწევს თარჯიმანთან და ნოტარიუსთან ვიზიტი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ერთი ფანჯრის პრინციპის გათვალისწინებით, მოქალაქეებს შესთავაზებს ახალ მომსახურებას - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების თარგმანს. ამასთან, შესაძლებელი გახდება თარგმანის სისწორის აპოსტილით დამოწმება.

  •   აპოსტილითა და ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების ჩაბარებისას მოქალაქეს აღარ მოუწევს განცხადებების ხელით შევსება, მას ელექტრონული ფორმით შეავსებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომელი.

  •   დღეისათვის დოკუმენტზე აპოსტილის შტამპი ივსება ხელით, ახალი წესის თანახმად კი ეს შტამპი ამოიბეჭდება სპეციალურ დასაწეპებელ ქაღალდზე, სტიკერზე, და დაეკვრება დასამოწმებელ დოკუმენტს.

  •   საქართველოში გაცემული და დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნება ახალი დამცავი მექანიზმი - ელექტრონული ჟურნალი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებგვერდზე უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეეძლებათ აპოსტილის უნიკალური ნომრის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა.

  •   გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის მომსახურებით წლის განმავლობაში 35 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.