თბილისისა და მცხეთის სარეგისტრაციო ზონების საზღვრები შეიცვალა

თარიღი: 25 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისისა და მცხეთის სარეგისტრაციო ზონების საზღვრების ცვლილება მოახდინა.
თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოების შემდეგ ხშირად იქმნებოდა პრობლემები სარეგისტრაციო ზონებთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებები თბილისისა და მცხეთის ადმინისტრაციული და სარეგისტრაციო საზღვრების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანის პროცესის ნაწილია.
ამ ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების მიხედვით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის საზღვრებში მთლიანად მოექცა დიღმის ტერიტორია, მათ შორის სოფელი დიღომიც.
აღნიშნული ცვლილება დიღმის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მფლობელი მოქალაქეებისთვის შეფერხებას არ გამოიწვევს, ვინაიდან მათ შეუძლიათ საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართონ როგორც თბილისის, ისე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ქვეყნის ყველა ქალაქისა და რაიონის ადმინისტრაციული და სარეგისტრაციო საზღვრების ურთიერთშესაბამისობაში მოსაყვანად.