საჯარო რეესტრში გარდაცვლილის სახელზე უფლების რეგისტრაცია არ წარმოებს

თარიღი: 23 თებერვალი 2009

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრში გარდაცვლილზე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოებს.
გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრში მემკვიდრემ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დადგინდება აღნიშნულ ქონებაზე უფლებამონაცვლეობის ფაქტი. სამკვიდრო მოწმობა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია იყოს, როგორც ზოგადი ხასიათის (მთელ ქონებაზე, კონკრეტული ქონების იდენტიფიკაციის გარეშე), ასევე კონკრეტულად განსაზღვრულ უძრავ ნივთზე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნოტარიუსის მიერ კონკრეტულ უძრავ ნივთზე სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების და სამკვიდრო ქონებაზე გარდაცვლილის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
2007 წელს `უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ~ კანონში შესული ცვლილების შემდეგ, მოცემული შემთხვევების დროს შესაძლებელი გახდა სამკვიდროს გაცემა.
მანადე მოქმედი კანონმდებლობით, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემთხვევაში, ქონების რეგისტრაცია ჯერ უნდა მომხდარიყო გარდაცვლილზე, ხოლო შემდეგ მის მემკვიდრეზე. მოქმედი კანონმდებლობით, გარდაცვლილი არ წარმოადგენს არც უფლებაუნარიან და არც ქმედუნარიან სუბიექტს, მას არ გააჩნია უფლებები და მოვალეობები, შესაბამისად ის ვერ იქნება სამართალურთიერთობის მონაწილე და მის სასარგებლოდ ვერ განხორციელდება რაიმე შინაარსის იურიდიული ქმედება.
პროცედურის გაიოლებასთან ერთად, ამ ცვლილებით მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის ხარჯი.