სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში შობადობამ მკვეთრად იმატა

თარიღი: 20 თებერვალი 2009


საქართველოში ქორწინებისა და შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რაც დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან 2008 წელს სამოქალაქო რეესტრის მიერ გაწეული მუშაობის სტატისტიკურ ანალიზი წარმოადგენა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2005 წელს საქართველოში 41 648 დაბადების პირველად რეგისტრაცია განხორციელდა, 2006 წელს - 45 931, 2007 წელს - 48 026, ხოლო გასული წელს 57 267 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
სამოქალაქო რეესტრში 2005 წელს ქორწინება 18 141-მა წყვილმა გააფორმა, 2006 წელს - 21 876-მა, 2007 წელს - 25 925-მა, ხოლო შარშან - 31 318-მა.
პროცენტულად დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდა ასეთია: 2007 წელთან შედარებით 2008 წელს დაბადების რეგისტრაციის რიცხვი გაიზარდა 19%-ით. 2005 წელთან შედარებით კი 2008 წელს დაბადების რეტისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა 37%-ით.
2007 წელთან შედარებით ქორწინების რეგისტრაცია 2008 წელს გაიზარდა 20%-ით, ხოლო თუ შევადარებთ 2005 წლის მონაცემს, 2008 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 72%-ით არის გაზრდილი.
დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებლის მატება გაგრძელდა 2009 წელსაც. თუ 2008 წლის იანვარში რეგისტრირებული იყო 4290 ბავშვის დაბადება, 2009 წლის იანვარში ეს მონაცემი 4750-მდე გაიზარდა.
2008 წლის იანვარში რეგისტრირებული იყო 2281 ქორწინება, 2009 წლის კი სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურბში 2339 წყვილმა მოაწერა ხელი.
„ეს ცალსახად მიუთითებს დემოგრაფიული ფონის მკვეთრ გაუმჯობესებაზე. 2005 წლამდე შობადობისა და ქორწინების მაჩვენელი იკლებდა, 2005 წლის შემდეგ კი სტაბილურად იზრდებოდა. ყველაზე დიდი მატება ორივე მიმართულებით 2008 წელს დაფიქსირდა, ეს ტენდენცია შენარჩუნებულია 2009 წელსაც. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში დემოგრაფიული ფონი გაურესდა, ჩვენ მზად ვართ, ამ ინფორმაციის ავტორებს ეს მონაცემები გავუზიაროთ, რადგან სტატისტიკური მონაცემები საწინააღმდეგოზე მიუთითებს", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, დემოგრაფიული ზრდა, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან. შობადობის გაზრდა ასევე კავშირშია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივასთან მესამე შვილის მონათვლასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 1 317 023 მოქალაქესა და ორგანიზაციას მოემსახურა. შარშან სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებიდან გაიცა 400 458 მოქალაქის პირადობის მოწმობა, 306 483 მოქალაქის პასპორტი.