ტექბიუროდან ინფორმაციის მიღება უძრავ ქონებაზე ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი

თარიღი: 19 თებერვალი 2009


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს ინტერნეტის მეშვეობით ტექბიუროს არქივიდან ინფორმაციის მიღებას უკვე 15 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან. ეს სამსახურებია: თბილისი, ზუგდიდი, გარდაბანი, მცხეთა, გორი, კასპი, ბოლნისი, ხობი, სენაკი, მარნეული, ხაშური, ახალციხე, ბორჯომი, რუსთავი, ქარელი.
სააგენტოს ვებგვერდზე ( www.reestri.gov.ge  ) მოქალაქეებს შეუძლიათ საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად შეავსონ ელექტრონული განცხადების ფორმა, საბანკო პლასტიკური ბარათით გადაიხადონ საჯარო რეესტრის მომსახურებისათვის კანონით დადგენილი საფასური და გადააგზავნონ ის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
განსაზღვრულ ვადაში მოქალაქეები ასევე ინტერნეტით მიიღებენ მათ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს: ცნობა-დახასიათებას, საინვენტარიზაციო გეგმას, ინფორმაციას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტის ასლს.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ დოკუმენტს არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბეჭედი, გააჩნია იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.
მოქალაქეები ინტერნეტით მიიღებენ ინფორმაციას ტექბიუროს აღრიცხვის არქივში შემოსული სხვა განცხადებების შესახებაც, კერძოდ: გაეცნობიან მის შინაარსს, სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით და განხილვის შედეგად მომზადებულ დოკუმენტებს.
2004 წლიდან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა და სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსდა.