უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება 10 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება

თარიღი: 18 თებერვალი 2009

საკანონმდებლო ცვლილებამდე ამ მომსახურებისათვის ექვსთვიანი ვადა იყო დაწესებული.
უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის კანონით დაწესებულია მომსახურების საფასური - 300 ლარი. მასში შედის:

  • უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის განსაზღვრული 50 ლარიანი საფასური;

  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადების საფასური;

  • საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) საფასური;

  • საჯარო რეესტრიდან უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასური.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებებით ფიზიკური პირები გათავისუფლებულნი არიან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის (სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა) გადახდისაგან.
მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლისთვის) საკუთრების უფლების მისაღებად მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს: განცხადება, მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ 2008 წლის დეკემბერიდან საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის დაკანონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ხორციელდება. მანამდე ამ ფუნქციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოს მუდმივმოქმედი კომისია ასრულებდა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 48 12 48; 48 12 49.