სამართლის სექტორის დონორების საკოორდინაციო შეხვედრა

თარიღი: 18 თებერვალი 2009

2009 წლის 18 თებერვალს, იუსტიციის სამინისტრომ, "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმის პროექტის" ფარგლებში, ევროკავშირის/"ჰუმან დაინამიქსის" მხარდაჭერით გამართა სამართლის სექტორის დონორების საკოორდინაციო შეხვედრა ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში. შეხვედრას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. შეხვედრას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი - დიმიტრი შაშკინი, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - პერ ეკლუნდი, ასევე საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების, აშშს განვითარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ეუთო-ს, ევროსაბჭოს, შვედეთის განვითარების სააგენტოს, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს, "გეტეცეს", საერთაშორისო ციხის რეფორმის, ასევე ამერიკის იურისტთა ასოციაციის და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო სამართლის სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ღონისძიებების კოორდინაცია და იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრებისთვის სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების განხილვის შესაძლებლობის შექმნა. "მე მივესალმები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს სამართლის სფეროში არსებული ძირითადი პრიორიტეტები, რათა ერთობლივად მივმართოთ ჩვენი ძალები ნათლად განსაზღვრული ამოცანების შესრულებისკენ და ამ პროცესში გამჭვრივალობის პრინციპით ვიხელმძღვანელოთ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეხვედრა საშუალებას მოგვცემს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ინიციატივები წამოვაყენოთ და ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გავუზიაროთ შემდგომი განხილვისა და შესაძლო მხარდაჭერისთვის" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
შეხვედრის დასაწყისში, იუსტიციის სამინიტრომ ჩაატარა მიმდინარე ძირითადი პროექტების პრეზენტაცია, რის შემდეგაც მოწვეული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს მათ მიერ სამართლის სფეროში განხორციელებული პროგრამების მოკლე მიმოხილვა, შედეგად, იუსტიციის სამინისტრომ განსაზღვრა უახლოესი მომავლის პრიორიტეტები, რაც მოიცავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ახალი პატიმრობის კოდექსის იმპლემენტაციას, ინტეგრირებულ საქმეთა მართვის სისტემისა და საზოგადოებრივი პროკურატურის დანერგვას (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებზე). სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ კი, პრიორიტეტებად დასახელებული იქნა: სასჯელაღსრულების სისტემაში სარეაბილიტაციო პროექტები და გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა, პრობაციის სისტემის გაძლიერება.