ქალბატონების სახელებს შორის „თამარი" პოპულარობით მეორე ადგილზეა

თარიღი: 13 თებერვალი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით ქალბატონების სახელთა შორის „თამარი" პოპულარობით მეორე ადგილზეა. ქალის სახელებს შორის პირველობას კვლავ ნინო ინარჩუნებს.
13 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახურისა მეფის თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის, საქართველოში 76 310 თამარია რეგისტრირებული.
კვლევა მოიცავს სახელი „თამარის" კნინობით-ალერსობით ფორმებსაც: თამარ, თამარა, თამუნა, თამრიკო, თაკო და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ სახელის პოპულარობა 80-იანი წლებიდან მკვეთრად მატულობს. მსგავსი კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მოქალაქეთა ერთიანი მონაცემების ელექტრონული ბაზა შეიქმნა.