ზუგდიდში მოსწავლეთა დოკუმენტირება მიმდინარეობს

თარიღი: 11 თებერვალი 2009


მოწავლეების რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რაიონში ამ ეტაპზე პირადობის მოწმობები 5000-მდე მოსწავლემ მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიული სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის 30 სოფლის სკოლებში პირადობის მოწმობების გადაცემა დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდის სკოლების მოსწავლეების დოკუმენტირება.
უახლოეს დღეებში პირადობის მოწმობები ადგილზე გადაეცემათ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის 470 მოსწავლეს.
მოსწავლეთა რეგისტრაციის პროექტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
აქციის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 14 წელს ზემოთ ყველა მოსწავლეზე გაიცემა, ხოლო 14 წლამდე ასაკის პირები მშობლის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრირდებიან და მათ პირადი ნომრები ენიჭებათ.
2008 წლის აპრილიდან 14 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღოს. მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლია, ასევე, 14 წლამდე ასაკის მოქალაქესაც.
სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციისას ასევე ფიქსირდება რომელ სკოლაში და კლასში სწავლობს თითოეული მოსწავლე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილ მონაცემთა ბაზაზე ონლინე-რეჟიმში წვდომის უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექნება.
რეგისტრაცია უფასოა, ამ პროცესის დროს იქმნება სკოლის მოსწავლეთა ფოტოსურათიანი ბაზა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები სკოლებში ადგილზე დადიან, რის გამოც პირადი ნომრის მისაღებად ბავშვებს აღარ უწევთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მისვლა.
სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესის დასრულება მაისისთვის იგეგმება.