ყადაღის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით 13 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან არის შესაძლებელი

თარიღი: 11 თებერვალი 2009


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მომსახურების დახვეწას და მოქალაქეებს თავაზობს ინტერნეტის მეშვეობით ყადაღის და საგადასახადო გირავნობის შესახებ ინფორმაციის მიღებას უკვე 13 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან. ეს სამსახურებია: თბილისი, ზუგდიდი, გარდაბანი, თელავი, მცხეთა, რუსთავის, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, კასპი, ოზურგეთი, ხელვაჩაური.
აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან, თუ ოფისიდან გაუსვლელად, სააგენტოს ვებ-გვერდზე ( www.reestri.gov.ge ) გაეცნონ საჯარო რეესტრის მონაცემებით, თუ ვის ქონებას ადევს ყადაღა და საგადასახადო გირავნობა. ასევე, გაეცნონ ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულ ყადაღასა და საგადასახადო გირავნობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, კერძოდ: განცხადების შინაარსს, განცხადების განხილვის ეტაპს, განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ახალი მომსახურება მნიშვნელოვნად უმარტივებს მუშაობას კერძო კომპანიებს, რომლებსაც ხშირად ესაჭიროებათ სხვადასხვა უწყებებში ყადაღის შესახებ ცნობების წარდგენა (მაგ: ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად). მათ შეუძლიათ ოფისიდან გაუსვლელად ელექტრონულად შეავსონ განაცხადის ფორმა, გადაიხადონ მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათის მეშვეობით და ასევე, ელექტრონულად მიიღონ საჯარო რეესტრში მომზადებული ცნობა ყადაღის შესახებ და ინფორმაცია საგადასახადო გირავნობის შესახებ.