კანცელარიის პროგრამა 40 სარეგისტრაციო სამსახურში ამოქმედდა

თარიღი: 30 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შიდა სამსახურეობრივი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავა და დანერგა კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დახმარებითაც სააგენტოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქმისწარმოება.
2008 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამა სააგენტოს 40 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში დაინერგა. 2009 წლის 2 თებერვლიდან დაგეგმილია პროგრამის განახლებული ვერსიის ამოქმედება სააგენტოს ყველა სარეგისტრაციო სამსახურში.
აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ოპერატიულად ხდება სარეგისტრაციო სამსახურში შემოსული წერილების აღრიცხვა, ხელმძღვანელობისთვის დროულად გადაცემა, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გაგზავნა, ინფორმაციის შენახვა, მოძიება, ყოველთვიურად დოკუმენტბრუნვის მიხედვით შესრულებული და შეუსრულებელი დავალებების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ა.შ.
კანცელარიის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ერთიანი ბაზა, დაიხვეწა საჭირო პროცედურები და ეფექტური გახდა, როგორც თავად კანცელარიის, ასევე მთლიანად სააგენტოს მმართველობითი საქმიანობა.
პარალელურად მიმდინარეობს სააგენტოს კანცელარიის არქივის ციფრულ ფორმატში გადატანა და ერთიან მონაცემთა ბაზაში განთავსება.
უახლოეს მომავალში აღნიშნული პროგრამა განთავსდება სააგენტოს ვებ-გვერდზე ( www.reestri.gov.ge ) და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, სარეგისტრაციო სამსახურებში ინტერნეტით გააგზავნონ კორესპონდენციები და ამავე გზით მიიღონ მომზადებული პასუხები.