ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ

თარიღი: 28 იანვარი 2009

2009 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობას დაეკისრა 6 000 ევროს გადახდა მორალური ზიანისათვის თითოეული განმცხადებლის სასარგებლოდ და 14 694 ევროს გადახდა ორივე განმცხადებლის მიერ გაწეული ხარჯების ასანაზრაურებლად.
განმცხადებლები ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-10 (აზრის გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (უფლება სამართლიანი დაცვის ეფექტიან საშუალებაზე), მე-14 (დისკიმინაციის აკრძალვა) და მე-18 (უფლებებზე შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევას, ასევე, მეორე განმცხადებელი მიუთითებდა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევაზე.
არსებითი განხილვის შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციის 5.4-ე მუხლის დარღვევას, ვინაიდან, განმცხადებლებს  ხელი მიუწვდებოდათ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რამიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას თბილისის №5 საპყრობილეში არსებული პირობების გამო. ამასთანავე, მეორე განმცხადებელთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის №5 საპყრობილეში საკნის გადატვირთულობა წარმოადგენდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2005 წლის 2 სექტემბრის სასამართლო პროცესზე განმცხადებლების მოთავსება რკინის გისოსებს მიღმა ეწინააღმდეგებოდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის 5.1 მუხლის დარღვევა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 27 ნოემბრიდან 2006 წლის 13 იანვრის ჩათვლით (ერთი თვე და 17 დღე) განმცხადებლები იმყოფებოდნენ პატიმრობაში შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
რაც შეეხება 2006 წლის 2 სექტემბრის ზეპირ მოსმენას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული პროცესი მოკლებული იყო სამართლიანი სასამართლო განხილვის ფუნდამენტურ კრიტერიუმს.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა თბილისის მე-5 საპყრობილე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოთა აბსოლუტური უმრავლესობა გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სასამართლო დარბაზებში აღარ გამოიყენება რკინის გისოსები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, კერძოდ, 162-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია საქმის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე.