დმანისში არასრულწლოვანებს დაბადების მოწმობები გადაეცათ

თარიღი: 28 იანვარი 2009

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის დმანისის ტერიტორიულ სამსახურში ადგილობრივ მაცხოვრებლებს არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები გადასცა. დღესვე გიორგი ვაშაძე დმანისის რაიონის სოფელ ვაკეში მცხოვრებ ოჯახს ესტუმრა და დაბადების მოწმობები პირადად მიუტანა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 30-ზე მეტი არასრულწლოვნისათვის დაბადების მოწმობების გაცემა შესაძლებელი გახდა პროექტის - "ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის დოკუმენტირება და დაბადების რეგისტრაციის პრობლემის პრევენცია" - მეშვეობით. პროექტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფის" მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით.


როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს იმ არასრულწლოვნებისა და მათი ოჯახის წევრების სამართლებრივი დახმარება, რომელთაც არ გააჩნიათ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები: დაბადებისა და პირადობის მოწმობები. მისი თქმით აგრეთვე, პროექტის მიზანია, რეგიონში დაბადების რეგისტრაციის პრობლემის პრევენცია.
ამ პროექტის ფარგლებში არამარტო ბავშვების, არამედ მათი ოჯახის წევრების რეგისტრაციის პრობლემებიც გვარდება, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ბავშვების დაურეგისტრირებლობის მიზეზი მშობლების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების არქონაა. "ბავშვები, რომელთაც დღეს დაბადების მოწმობები გადაეცათ არიან საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები. მათ მომავალში განათლების მიღებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტიურობის საშუალება მიეცემათ", - განაცხადა ვაშაძემ.


პროექტის განხორციელებაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები. "სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფის" იურისტები ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ეხმარებიან სამოქალაქო რეგისტრაციასთან და დაბადების, პირადობის მოწმობების არქონასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, დაბადების ფაქტის დადგენისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება-მოწესრიგებაში და უზრუნველყოფენ მათ წარმომადგენლობას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან სამართლებრივ ურთიერთობებში.