დოკუმენტის გაყალბებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

თარიღი: 26 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურში დოკუმენტის გაყალბებაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დააკავეს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურში 42 წლის ელიზბარ შ. გამოცხადდა. მას დაჩქარებული წესით, იმავე დღეს, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მიღება სურდა. მონაცემების გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ელიზბარ შ.-ს მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაყალბებული იყო, რადგან იგი სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებით სარგებლობდა.
დადგინდა, რომ ელიზბარ შ.-მ საკუთარი ფოტოსურათი სხვა მოქალაქის პირადობის მოწმობაში ჩააკრა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურმა აღნიშნული ფაქტის შესახებ დიდუბის შს სამმართველოს თანამშრომლებს აცნობეს. ეჭვმიტანილი დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.