მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირება დაიწყო

თარიღი: 22 იანვარი 2009

იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურმა მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირება დაიწყო. მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი წარმოადგენს იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზას, რომელშიც კერძო ადვოკატები ნებაყოფლობით დარეგისტრირდებიან და საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე გადახდისუუნარო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან.
რეესტრის ფორმირება ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე კანდიდატები კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენენ, ხოლო მეორე ეტაპზე კი მათთან გასაუბრება გაიმართება. მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირება რეგიონალური პრინციპით მოხდება. ამიტომ საბუთების ჩაბარება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის-ზესტაფონის, იმერეთის-ქუთაისის, სამეგრელოს-ზუგდიდის, სამეგრელოს-ფოთისა და აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროებში, ოზურგეთისა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე იუსტიციის სამინისტროს მისაღებში.
რეესტრში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ადვოკატს იურიდიული დახმარების ბიურო და საკონსულტაციო ცენტრი მოიწვევს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს ან საკონსულტაციო ცენტრს დახმარებისთვის მიმართავენ დაპირისპირებული მხარეები. ასეთ დროს ბიუროს თანამშრომელი ადვოკატი ერთ მხარეს დაიცავს, ხოლო მეორე მხარეს დამცველად მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას იურიდიული დახმარების სამსახურის საკონულტაციო ცენტრები უზრუნველყოფენ.
იურიდიული დახმარების სამსახური მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატს სისხლის სამართლის საქმეში ჩართვისათვის ერთჯერადად ფიქსირებულ თანხას გადაუხდის. გარდა ამისა, ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედებება.