სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მუშაობის შედეგები შეაჯამა

თარიღი: 10 იანვარი 2009


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გამართა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც სააგენტოს სხვადასხვა სამსახურის მიერ 2008 წელს გაწეული მუშაობის შედეგები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა. ღონისძიების მიზანი სააგენტოს საქმიანობის შეფასება და 2009 წლის სტრატეგიული გეგმას დასახვა იყო.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, 2008 წელს სააგენტოში არაერთი სიახლე დაინერგა, მათ შორის სამოქალაქო აქტების ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია, კიდევ უფრო დაიხვეწა და გამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ოფისები. მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა დევნილთა რეგისტრაციის კუთხით და სხვა.
„2009 წლიდან სამოქალაქო რეესტრის ფუნქციაში შევა მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ოფისში ჩააბარონ დოკუმენტაცია მოქალაქეობის დადგენის, მიღების, მიგრაციის თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, 2009 წლის ბოლოსთვის დაიწყება ბიომეტრული პასპორტების გაცემა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სამოქალაქო რეესტრმა, როგორც მომსახურებაზე ორიენტირებულმა უწყებამ, თავისი იმიჯი შეინარჩუნოს და გააძლიეროს", - აღნიშნა ვაშაძემ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2006 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ამ სისტემაში ჩატარებული წარმატებული, მომხმარებელზე ორიენტირებული რეფორმის შედეგად სააგენტოში გამარტივდა და დაიხვეწა მოქალაქეთა მომსახურების პროცედურები. დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები, რამაც ხელი შეუწყო ამ სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. დიდი ყურადღება მიექცა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.