იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 09 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, საბჭო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან 2008 წლის 26 დეკემბერს შეიქმნა. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ამასთან მის მუშაობაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საბჭოს წევრმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდეს, ეს ეხება როგორც კორუფციული დანაშაულებისათვის დასჯის ნაწილს, ისე მის პრევენციას. უნდა შეფასდეს ძველი სტრატეგიის განხორციელება და მისი შედეგები და უნდა ვიმსჯელოთ, როგორც განახლდეს იგი ახალი გამოწვევების გათვალისწინებით".
ვახტანგ ლეჟავას ინფორმაციით, მომდევნო სხდომა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.