საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებით შარშან 11 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

თარიღი: 09 იანვარი 2009

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებით 2008 წელს 11 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის 432 არასრულწლოვანი იყო. ამასთან, ამ პერიოდში სამართლებრივი კონსულტაციისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებს 4 682 მოქალაქემ მიმართა.
2008 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის არეალი გაფართოვდა - გაიხსნა ოზურგეთისა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრები. ამჟამად სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში მოქმედებს.
იურიდიული დახმარების სამსახურში რეფორმების კურსი 2009 წელსაც გაგრძელდება. 2009 წლის 1 თებერვლიდან იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. გარდა ამისა, ამოქმედდება საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის უფლება ენიჭება ყველა დაკავებულს, ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს, რომელიც ამავე დროს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა 70 000-ს ან ნაკლებს, აგრეთვე, გარკვეული კატეგორიების პირთათვის, 100 000-ს ან ნაკლებს შეადგენს.
2009 წელს შეიქმნება მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი, რომელიც კერძო ადვოკატებს უფასო იურიდიული დახმარების განხორციელების საშუალებას მისცემს და გადახდისუუნარო მოქალაქისათვის ამგვარი მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.