იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

თარიღი: 06 აპრილი 2005

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე კემულარია ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტი ხელმძღვანელობდა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპის კავშირის გენერალური სამდივნოს პოლიტიკური განყოფილების მრჩეველი უილიამ ბოუი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰარი მოლენარი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტორბენ ჰოლცე და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწე ჰარი კამარიანი.
შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით იურიდიული დოკუმენტების შესამუშავებლად შექმნილი ჯგუფის მუშაობის თემა. მხარეებმა ისაუბრეს, აგრეთვე, ქართულ - აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრის კიდევ ერთი თემა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის შექმნილ კომისიას ეხებოდა. ქართულ მხარეს ამ სფეროს რეფორმირებაში კონსულტაციებს ევროსაბჭოს კანონის უზენაესობის მისია უწევს. იუსტიციის მინისტრმა, როგორც აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელმა, სტუმრებს კომისიის მუშაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კონსტანტინე კემულარია 19 აპრილს ბრიუსელში მიიწვიეს, სადაც იგი მოხსენებას გააკეთებს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკითხზე.