თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციებს ახალი წესით შეავსებენ

თარიღი: 01 აპრილი 2005

იუსტიციის მინისტრმა კონსტანტინე კემულარიამ თანამდებობის პირთა ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის დეკლარაციების შევსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დეკლარაცია უფრო ინფორმაციული გახდა, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ნათელი წარმოდგენა შეიქმნას მაღალი თანამდებობის პირების ქონებაზე.
კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, 40%-ით შემცირდა იმ თანამდებობის პირთა რიცხვი, რომელთაც ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევთ. „დეკლარაციის შევსება ევალებათ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათ შორის მინისტრებს, მოსამართლეებს, პროკურორებს. დეკლარანტთა რიცხვი სულ 2 ათასს შეადგენს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციას დაურთოს დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და მიუთითოს მათი წარმომავლობა.
წინა წლების დეკლარაციისგან განსხვავებით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ასახოს ოჯახის წევრების შრომითი ბიოგრაფია (სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის და მუშაობის დროის მონაკვეთის მითითებით); შეიტანოს დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად ნივთის ღირებულებისა (დღემდე დეკლარირებადი ზღვარი შეადგენდა 5000 ლარს).
ამასთან, დეკლარირებადი მოძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ოდენობამ 5000 ლარიდან 2000 ლარამდე დაიწია;
დეკლარაციაში შეიტანება ნებისმიერი ოდენობის ნაღდი ფულის შესახებ მონაცემი. (დღემდე დეკლარირებადი ზღვარი შეადგენდა 1500 ლარს), ამასთან, დეკლარაციაზე სავალდებულოდ დასართავ დოკუმენტის სახით თანამდებობის პირმა უნდა დაურთოს არარეგისტრირებულად გასესხებული ან სესხის სახით მიღების წერილობითი დასტური;
დეკლარაციაში აისახება თანამდებობის პირთა, მისი ოჯახის წევრის მიერ განკარგვის უფლებით მიღებული ნებისმიერი უძრავი ნივთი ან 2000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთი.
1500 ლარიდან 1000 ლარამდე შემცირდა დეკლარირებადი ხელშეკრულების საგნის ღირებულების ოდენობა.