თითის ანაბეჭდების პროექტი განახლდა

თარიღი: 10 იანვარი 2005

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №1 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებულებისაგან იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა დღეს თითის ანაბეჭდების აღება დაიწყეს. ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი დაესწრო, რომელსაც თითის ანაბეჭდები საკუთარი ინიციატივით აუღეს.
თითის ანაბეჭდების ბანკი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი იქნება და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება თითის ანაბეჭდის მიხედვით პიროვნების 15 წუთში იდენტიფიცირება.
თითის ანაბეჭდების პროგრამა ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2001 წელს საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ს მთავრობას შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძლველზე იღებს. ამ შეთანხმებით დაიწყო საერთაშორისო კრიმინალური გამოძიების წრთვნისა და დახმარების პროგრამა (IჩIთAP), რომლის მიზანია საქართველოში ცენტრალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულების შექმნა.
გიორგი პაპუაშვილის თქმით, თითის ანაბეჭდებს 7000-ზე მეტი პატიმრისაგან აიღებენ. შემდეგში დაგეგმილია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისა და საჯარო სამსახურის თანამშრომლებისაგან თითის ანაბეჭდების აღება. არ არის გამორიცხული, რომ საჯარო მოხელეთათვის ეს პროცედურა სავალდებულოდ იქცეს, ისევე, როგორც ნარკოლოგიური შემოწმება. „თუ პოლიტიკური ნება იქნება, თითის ანაბეჭდებს საქართველოს ყველა მოქალაქისაგან ავიღებთ, ამის ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების ახალი სისტემა არამარტო საგამოძიებო ორგანოებს დაეხმარება კვალიფიციური გამოძიებისათვის, არამედ დაცვის მხარესაც - მტკიცებულებების მოპოვებაში.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის თქმით, „თითის ანაბეჭდების ბანკის შექმნაზე მუშაობა სამი წლის წინათ დაიწყო - იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცა და ექსპერტები მომზადდა, თუმცა პროექტი, დაუფინანსებლობის გამო, შეჩერებული იყო. შესაბამისი სახსრები ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან მიიღო. პატიმრებისაგან თითის ანაბეჭდების აღება დაახლოებით 5 თვეში დასრულდება".