სამოქალაქო რეესტრის სისტემაში მუშაობის მსურველებს ტესტირება ჩაუტარდათ

თარიღი: 10 იანვარი 2005

სამოქალაქო რეესტრის სისტემაში მუშაობის მსურველთათვის გამართულ ტრენინგში მონაწილეებს 25 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ტესტირება ჩაუტარდათ, რომლის მიზანი ტრენინგის ეფექტურობის შეფასება იყო.

თბილისის მასშტაბით არსებულ სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში ვაკანტურ თანამდებობებზე მუშაობის მსურველთათვის ორკვირიანი ტრენინგი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდა. მის ორგანიზებაში იუსტიციის სამინიტროს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაეხმარა. ტრენინგში, რომლის მასალები ექსპერტებმა მოამზადეს, მონაწილეობა მიიღო 300-მდე მსურველმა, მათ შორის იყვნენ როგორც სამოქალაქო რეესტრის სისტემის მოქმედი თანამშრომლები, ასევე სხვა მსურველები. ტესტირებაზე 200-ზე მეტი მონაწილე გამოცდდა. მათ პასუხის გასცეს ტესტის 30 კითხვას. შედეგები 29 დეკემბერს გახდება ცნობილი.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის კოტე ვარძელაშვილის თქმით, „სამოქალაქო რეესტრის სისტემაში ასეთი ტრენინგი პირველად ჩატარდა. მისი მიზანია, ამაღლდეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია და საშუალება მიეცეთ გარეშე პირებსაც, შეისწავლოს ამ სფეროში მუშაობის სპეციფიკა. თბილისის მასშტაბით არსებულ სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში არსებული ვაკანსიების დასაკავებლად კონკურსი 2005 წლის იანვარში გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია".
ტრენინგში მონაწილეებს ვაკანსიების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში რაიმე პრივილეგია არ ექნებათ, გარდა იმ ცოდნისა, რაც მოსამზადებელ კურსზე მიიღეს.
მსგავსი ტრენინგი იგეგმება საქართველოს რეგიონებშიც. „სამოქალაქო რეესტრის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მიზანი, პირველ რიგში, მოქალაქეებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებაა", - განაცხადა ვარძელაშვილმა.