იუსტიციის სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა

თარიღი: 30 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა სამთავრობო, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის გამართულ ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი და გარდამავალი თასი მოიპოვა.
საჯარო სამსახურისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების პროფესიული კავშირის ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან რევიშვილის ხსოვნის თასზე ტურნირი მინიფეხბურთში სპორტულ კომპლექს „ქარიშხალას" დარბაზში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის სამინისტროს გუნდმა ხუთი შეხვედრა გამართა, რომელთაგან სამი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ხოლო ერთი წააგო. სამინისტროს გუნდმა მესამე საპრიზო ადგილისათვის ბრძოლაში გლდანი - ნაძალადევის გამგეობის გუნდი დაამარცხა.
ტურნირის პირველი ადგილი თბილისის მეტროპოლიტენის გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი წილად ხვდა ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გუნდს.
იუსტიციის სამინისტროს ფეხბურთელთა გუნდის ხელმძღვანელის, იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებული პროფკავშირის კომიტეტის მრჩეველის იუგა ჭარბაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ასეთი წარმატება პირველად მოიპოვა, მას შემდეგ, რაც, იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის დახმარებით, იუსტიციის სამინისტროს ფეხბურთელები მთავრობის კანცელარიის საწვრთნელ დარბაზში ვარჯიშობენ.
ტურნირზე იუსტიციის სამინისტროს გუნდმა სამი პრიზი მიიღო - საუკეთესო მწვრთნელად იუსტიციის სამინისტროს გუნდის მწვრთნელი, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ტრისტან ნიშნიანიძე დასახელდა; ტურნირში მონაწილე გუნდის საუკეთესო ხელმძღვანელად იუგა ჭარბაძე აღიარეს, ხოლო საუკეთესო თავდამხსმელად იუსტიციის სამინისტროს გუნფის თავდამსხმელი ბესიკ კაველიძე.
იუგა ჭარბაძის ინფორმაციით, 2005 წელს დაგეგმილია სამინისტროს შიდა ტუნირის გამართვა დეპარტამენტების გუნდებს შორის.