იუსტიციის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაცია გადასცა

თარიღი: 24 დეკემბერი 2004

იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა დღეს, წინასაახალწლოდ, ფულადი კომპენსაცია გადასცა სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეეწირნენ და თანამშრომელს, რომელმაც სამსახურში ჯანრთელობის დაზიანება მიიღო.
პაპუაშვილის თქმით, „პენიტენციარული სისტემის თანამშრომლებს, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ შესაფერისი ანაზღაურება და არც სახელმწიფოს მხარდაჭერა. ამ ფონზე მათ დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლა უწევდათ, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა".
მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს ბოლო პერიოდში ხელფასი მოემატათ. იგეგმება მათთვის შრომის ანაზღაურების კიდევ უფრო გაზრდა.
ფულადი კომპენსაცია, 10 წლის ხელფასი, გადაეცათ რუსთავის №1 დაწესებულების გარდაცვლილი თანამშრომლების ზაზა ყაფლანიშვილისა და ბადრი გურაბანიძის მეუღლეებს, ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულების გარდაცვლილი თანამშრომლის გიორგი ბერუაშვილის დედას და ხონის №9 დაწესებულების ყოფილ თანამშრომელს ავთანდილ წივწივაძეს, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანრთელობის დაზიანება მიიღო.
პაპუაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა რიცხვი ორ ათეულს აღწევს. იუსტიციის სამინისტრომ მათი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციების გაცემა ბოლო პერიოდში დაიწყო. „სახელმწიფო იმ ვალდებულებასაც ვერ ასრულებდა, რაც კანონით ჰქონდა დაკისრებული. პენიტენციარული სისტემის თანამშრომლების მიმართ ყურადღება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.