ქუთაისში ახალი საპყრობილე 2005 წლის მაისში გაიხსნება

თარიღი: 20 დეკემბერი 2004

იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც ქალაქის გარეუბანში საპყრობილის სამშენებლო პროცესს გაეცნო. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მშენებარე საპყრობილე 1500 პატიმარზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, 2005 წლის მაისში დასრულდება.
საპყრობილის აშენება ქუთაისის გარეობანში ორი მიზეზის გამო გადაწყდა - მოძველებულია ქუთაისის №2 საპყრობილის შენობა, რომელიც მე-19 საუკუნეში სასაწყობე დანიშნულებით აიგო. ამასთან, საპყრობილე ქალაქის ცენტრშია მოთავსებული და მისი კედლები ჩვეულებრივ მოქალაქეთა საცხოვრებელს ესაზღვრება.
იუსტიციის მინისტრი მშენებლობის პროცესის გარდა მოქმედ საპყრობილეში არსებულ პირობებსაც გაეცნო. საპყრობილეში ამჟამად 300-მდე განსასჯელი და ბრალდებულია.