ეროვნული ბანკი დეფექტურ ხუთლარიანებს გაყიდის

თარიღი: 10 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი ექსპერტიზა გაიარა და დადებითი დასკვნა მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტმა „5 ლარის ნომინალის დეფექტური ბანკნოტის ნუმიზმატიკური დანიშნულებით სარეალიზაციო ფასის დადგენისა და რეალიზაციის შესახებ".
სამინისტროს დადებითი დასკვნა ნიშნავს, რომ ეს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებთან წინააღმდეგობაში არ მოდის და ბანკს უფლება აქვს, მსგავსი ბრძანება გამოსცეს.
ხუთლარიანები, რომელიც ეროვნულ ბანკში ინახება, გასულ წელს ჰოლანდიის ერთ-ერთი ფირმამ ქართული მხარის დაკვეთით დაბეჭდა, საქართველოში ჩამოტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხუთლარიანებს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სურათზე მიწერილი ჰქონდა „მიხეილ ჯავახიშვილი".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტით, დეფექტური 5 ლარიანი ბანკნოტები ნუმიზმატიკური დანიშნულებით 7 ლარად გაიყიდება. ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში გაატარებს ყველა მყიდველს და დააფიქსირებს ბანკნოტის ნომერს, რათა არ მოხდეს ბანკნოტების საგადამხდელო დანიშნულების გამოყენება.