რუსთავის №2 დაწესებულების პატიმრებს შიდსზე იკვლევენ

თარიღი: 06 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრთან ერთად, დღეს აივ- ინფექცია/შიდსზე გამოსაკვლევად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №2 დაწესებულების 350 მსჯავრდებულისაგან სისხლი აიღო.
გამოკვლევა ნებაყოფლობითია. მასში მონაწილეობის სურვილი საპატიმროში მყოფი 600-მდე მსჯავრდებულიდან 350-მა გამოთქვა.
იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მთავარი ეპიდემიოლოგის კოტე ტურაშვილის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
გამოკვლევა შიდსთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ასეთი ღონისძიება მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 30 ნოემბერს ჩატარდა, რომლის შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.