EBRD-ის ეგიდით გარდამავალი პერიოდის ქვეყნების სამართლებრივი განვითარების მიმოხილველი ჟურნალის გამოცემა დაიწყო

თარიღი: 03 დეკემბერი 2004

იუსტიციის სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ახალი ჟურნალის, „LiT Online"-ის პირველი, 2004 წლის შემოდგომის ნომრის პრეზენტაცია გამართა. ჟურნალი, რომელიც EBRD-ის ეგიდით გამოიცა, ასახავს სამართლებრივი რეფორმების მიმდინარეობას და ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას იმ ქვეყნებში, რომლებიც EBRD-ის მიერ გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებად განიხილება. მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, გენერალური პროკურატურის, სასამართლოს, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა გახსნა, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში სამართლის სფეროში 2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციამდე არსებული მდგომარეობა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებობდა კორუფციული გარემო, რომელიც ქვეყნის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. „2000 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული საბჭო, თუმცა ამ ორგანოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქაღალდზე დარჩა, ვინაიდან ქვეყნის მთავრობას არ ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება და სიმტკიცე. დღევანდელი ხელისუფლება კორუფციას ორი მიმართულებით ებრძვის - ერთია სისტემურ კორუფციასთან ბრძოლა, ხოლო მეორე სისხლის სამართლებრივი დევნა იმ თანამდებობის პირებისა, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაბმული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მანვე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოზე. ამ პერიოდში შემუშავდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ, ასევე ანტიკურფციულ ღონისძიებათა ახალი საკანონმდებლო პაკეტი.
პაპუაშვილის თქმით, სამინისტროს ამჟამინდელი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებაა საჯარო რეესტრის ჩამოყალიბება, რომლის ფორმირება დაიწყო მიწის მართვის დეპარტამენტის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ერთიანი სამოქალაქო რეესტრის შექმნა, რაც იუსტიციის სამინისტროში საპასპორტო სისტემის გადასვლის შემდეგ დაიწყო.