რომის კონფერენცია პატიმრობის საკითხებს მიეძღვნა

თარიღი: 02 დეკემბერი 2004

ევროპის საბჭოსა და იტალიიის იუსტიციის სამინისტროს იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „პირობით ვადამდე გათავისუფლება და ხანგრძლივი (გრძელვადიანი) პატიმრობა".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისა და აგრეთვე, ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი სახელმწიდოების პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელი პირები. საქართველოს მხარეს წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კლდიაშვილი.
კონფერენცია გაიხსნა რომის კოლიზეუმში. მის მონაწილეებს საპატიო აუდიენცია ჰქონდათ რომის პაპთან იოანე-პავლე მეორესთან.
კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო პერიოდში მიღებული რეკომენდაცია, რომელიც ევროსაბჭოს წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ურჩევს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მსჯავრდებულის ექსტრადაციას მის სამშობლოში.
კონფერენციაზე განიხილეს, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების პროცედურის ლიბერალიზაციისა და პატიმრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საკითხები.
ლაშა კლდიაშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის (მუდმივი პატიმრობის) ჰუმანიზაციის ტენდენცია. „არ არის გამორიცხული, საქართველომ, გარკვეული წლები შემდეგ, მაგალითი აიღოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან და სამუდამო პატიმრობა შეცვალოს ვადიანი პატიმრობით (20-დან 30 წლამდე)", - თქვა ლაშა კლდიაშვილმა.